მთავარი

Thursday, March 22, 2012

აგრესია, ძალადობა, სიძულვილი


აგრესია,ძალადობა,სიძულვილი...

აგრესია იგივე ძალადობაა. რუსეთის ძალადობა საქართველოზე დიდი ხანია დაიწყო, ამას ჩვენი უახლოესი ისტორიაც მოწმობს. 9 აპრილი, შემდეგ დაკარგული აფხაზეთი, ოსეთის ომი, ყოველდღიური სატელევიზიო აგრესია რუსეთიდან. . . ნეტავ რა დავუშავეთ ამ რუსებს. მე არც ერთი რუსი არ მძულს, მათ კი ვძულვართ, მე მათ ენასაც ვსწავლობ. იქნებ ჩემმა თაობამ მაინც შეძლოს მათთან საერთო ენის პოვნა. მათ ხომ არ უცხოვრიათ იმ რეჟიმის დროს? რაზეც ასე ბევრს საუბრობენ ჩვენი მშობლები. მე მომწონს მათი კულტურა და ხელოვნება, მაგრამ გული მწყდება, როცა ვხვდები მათ განზრახვას, რუს "დიდ კაცებს" აღიზიანებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებები, ამიტომაც მოიწევენ ჩვენსკენ იარაღით. უნდათ რომ გაგვანადგურონ, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის აგრესიის და აგვისტოს ომის გამო ბევრი კეთილი და კარგი მეგობარი შეიძინა. მათი მეშვეობით შეჩერდა ომი რუსეთთან.
აგვისტოს ომის დროს მთიულეთში ვისვენებდი.მაშინ მე-4 კლასში გადავდიოდი. ჩვენ ბავშები ვერ ვიგებდით რა იყო ეს, ომი მხოლოდ ფილმებში მენახა. იქ სადაც ვისვენებდით არ ისმოდა სროლების ხმა, ვერ ვხედავდით ომის საშინელებას, მაგრამ ტელევიზორიდან ვუყურებდით ყველაფერს. იქ ერთად ბევრი ბავშვი ვიყავით, ჩვენ არ გვინდოდა ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ უფროსები არ ტოვებდნენ არც ერთ საინფორმაციო გადაცემას, არც მე მინდოდა მეყურებინა, არ ვიცი რატომ, იქნებ მეშინოდა აქაც იგივე არ მომხდარიყო? ღამით, როცა ყველას ეძინა ბევრს ვფიქრობდი ამაზე, ნეტავ როგორ მოვიქცეოდი? გმირობის ჩადენას თუ შევძლებდი? ალბათ კი, თუ ჩემს დაიკოს ვინმე გააბრაზებდა, ან თუ ჩემს დედას ვინმე შეურაცხოფდა. რით ვაპირებდი შებრძოლებას? ამაზე ვეღარ ვფიქრობდი.
რამოდენიმე რუსული თვითმფრინავი ყოველ საღამოს გადაგვიფრენდა ხოლმე თავზე. პანიკა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი მშობლები ძალიან დაფიქრებულები ჩანდნენ. ბჭობდნენ, თუ კი ყაზბეგიდან შემოგვიტევდნენ რუსები, იმ შემთხვევაში როგორ მოქცეულიყვნენ, დეიდამ __ ზემოთ მწყემსებთან ავიყვანოთ ბავშვებიო__ ან იქნებ თბილისში წავსულიყავით იქ უფრო დაცულები ვიქნებითო. . . გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. მე ვფიქრობდი, რომ არსად ვიქნებოდით დაცული, და ვამბობდი  ჯობია ადგილზე გაჩერდეთმეთქი. ჩვენი მშობლები სარდაფს ალაგებდნენ, დაბომბვის შემთხვევაში იქ უნდა ჩავსულიყავით, ეს ყველაფერი რაღაც უჩვეულო იყო, ჩვენ ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამდით. ჩვენთვის ეს ყველაფერი თავგადაავალს უფრო გავდა, იქნებ არც ასე იყო, მაგრამ ჩვენ ასე უფრო გვერჩივნა. ნეტა რომ მოსულიყვნენ, გვესროდნენ? ეს არ მეჯერა, მაგრამ შემდეგ უფრო მოგვიანებით, როცა ტელევიზიით აჩვენებდნენ დაჭრილ ჩემს თანატოლებს, გული მეკუმშებოდა, მე არასოდეს დამავიწყდემა ის კადრი, როცა დედა გადაეფარა თავის შვილს, თვითონ დაიღუპა შვილი კი გადაარჩინა, ბიჭი ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ ექიმებმა უშველეს.დღე ვერთობოდით, ღამით არ მეძინა...

ნეტავი დიდი ვყოფილიყავი. . . ნეტავ მეც დიდი ბიჭებივით მებრძოლა ამ ომში. . . მე მხოლოდ ეხლა ჩავწვდი იმ აზრს, თუ როგორ იცავდნენ საქართველოს ჩვენი წინაპრები. ისტორიას კარგად ვსწავლობ, მაგრამ იქ აღწერილი ამბები ლედენდებივით იყო ჩემთვის, მხოლოდ ეხლა გაცოცხლდა ისტორიული სცენები ჩემს თვალში, საქართველო ღმერთს არასოდეს გაუწირავს,  რუსულმა აგრესიამ ჩემში დაბადა ახალი გრძნობა, რასაც სამშობლოს ძლიერი სიყვარული და მისი დაცვის სურვილი ქვია. 
მე  მაინც არ მძულს რუსი და ვსწავლობ რუსულს ასევე ინგლისურს, და კიდევ ბევრ ენას ვისწავლი მომავალში.
გიო საბაშვილი

Tuesday, March 20, 2012

შემოდით ჩვენს ახალ ბლოგზე

Friday, November 4, 2011

ღია წერილი ამერიკის ელჩს ბ-ნ ჯონ ბასს


მოგესალმებით  ბატონო ელჩო
პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დაინტერესდით ოზურგეთის   სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით.
მაქვს პატივი გაგეცნოთ, მე წარმოვადგენ ორგანიზაციას ქალები რეგიონის განვითარებისათვის.
მაქვს ჩემეული მოსაზრება იმის თაობაზე თუ რა მდგომარეობაა ადგილობრივ დონეებზე საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების თვალსაზრისით.
 მე კარგად ვიცი მსოფლიო დემოკრატიული ინსტიტუტები რაოდენ დიდ ყურადღებას აქცევს  ჩვენს ქვეყანაში NGO სექტორის მუშაობას. ამაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, ასევე ადგილობრივი თვითმართველობების მუშაობის ხარისხის ასამაღლებლედაც გარკვული თანხები იგზავნება მსოფლიოს ამა თუ იმ ფონდებიდან, ეს თანხები  კი ძირითადად ხმარდება ინფრასტრუქტურის აღდგენასა და რეაბილიტაციას, ჩვენი მოსაზრებით ამ საქმისათვის საქართველოს ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხები იწერება, ხომ არ იქნება უპრიანი მსოფლიო თანამეგობრობამ უფრო სამოქალაქო სექტორი გააძლიერეოს რათა  შემდგომ თვით ამ საზოგადოების მიერ იქნას ბიუჯეტის ხარჯვები გაკონტროლებული, ეს უფრო მეტად გააფხიზლებს ხელისუფლებას,  დღეისათვის ჩვენი ხელისუფლება იმყოფება სასათბურე მდგომარეობაში, მას მუდმივად ეხმარებიან და პასუხისმგებლობა მათზე მაკლებია, მე მინდა გავიხსენო, 2008 წელს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერების მიერ  ჩატარებული ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის ანალიზი, ნებისმიერ ქვეყანაში დადებული ასეთი დასკვნა, გახდებოდა საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო საკადრო ცვლილებები. აქ კი მსგავსი არაფერი მომხდარა.
ახლოვდება არჩევნები, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოში არჩევნები კი არ ყალბდება, არამედ თვის თავისუფალი საარჩევნო გარემო არ არსებობს, არ არის სივრცე სადაც მიიღწევა მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა. სამოქალაქო კულტურის არ ქონა, ზოგადად მოქალაქეთა დაბალი მონაწილობა,(რომელიც განპირობებულია იმით, რომ მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ)  კი ქმნის არასასურველ შედეგს, არჩევნების შედეგი არ არის ხოლმე ადეკვატური და ამის მიზეზია სამოქალაქო ცნომიერების დაბალი დონე. იმისათვის, რომ არჩევნები ქვეყანაში ნორმალურად ჩატარდეს, საჭიროა დიდი ძალისხმევა. ხელი უნდა შეეწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას , რომელიც მიმართული იქნება დემოკრატიის და თვითმართველობის კულტურის დასანერგად. ხშირად უფრო პრიორიტეტულია ისეთი პროექტები, რომელიც, მოქალაქეთა ადვოკატირებას ეწევა, მე მგონია პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ პროექტებს სადაც თავად მოქალაქეების ჩართულობის მოთხოვნილება იქნება მთავარი.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საზოგადოების ცნობიერებაში ცვლილებებს დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს აქ პოსტ საბჭოთა სივრცეში ეს ცვლილებები ძალიან ძნელად მიმდინარეობს, ამაზე ჩვენ NGO სექტორი აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელიხუფლების ნება და სურვილი ხელი შეუწყოს ამავე საზოგადოების განვითარებას, მათში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებას, რაც ამ ეტაპზე არათუ არ შეიმჩნევა, არამედ ხშირად ხელის შეშლაც კი ხდება და სწორედ ესაა ნიშანდობლივი და საგანგაშო.
ასევე მინდა შევეხო დეცენტრალიზაციის თემას, ჩვენ თემში ვცხოვრობთ სადაც სოფლის რწმუნებულის ფუნქციები მხოლოდ არჩევნების კარგად ორგანიზაბაა, ორგანიზებაში ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ, ჩვენი დიდი სურვილია სოფლის რწმუნებულს ხალხი ირჩევდეს და ანგარიშვალდებულის ხალხთან იყოს.
ასევე ძალიან საყურადღებოა ქვეყანაში ფილანტროპიის შესახებ კანონის მიღება, რადგან ეს ხელს შეუწყობს  და საშუალებას მისცემს ბევრ ბიზნესმენსა თუ საქმიან ადამიანებს  სასარგებლო და კარგი საქმე აკეთონ და ამაში მოტივირებულნი იყვნენ.
ოზურგეთში შეიქმნა დემოკრატიული განვითარების ცელტრი, რომლის პრეზენტაციაზეც მიმიწვიეს.ვფიქრობდი ჩვენი გულისტკივილი და მოსაზრებები გაგვეზიარებინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩისატვის , წერილიც დავწერე და ვაპირებდი სიტყვითაც გამოვსულიყავი. ეს წერილი მომზადებული მქონდა, მაგრამ შეხვედრა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წარიმართა, შეხვედრას ესწრებოდა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, ოზურგეთის ჟურნალისტები, ასევე სამთავრობო დელეგაცია, და არასამთავრობო სექტორი. მოლოდინი პოლიტიკური დისკუსიისა საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დისკუსია ეხებოდა მხოლოდ ბახმაროს პრობლემის განხილვას. ვფიქრობ  თემატიკა სპეციალურად იქნა  მკაფიოდ შემოსაზღვრული, ვინაიდან ცენტრის გახსნა, პრეზენტაცია არ გადაზრდილიყო პოლიტიკური დისკუსიებისა და ვნებათაღელვის ადგილად, სწორედ ამიტომ დარბაზი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა საკმაოდ უკმაყოფილოებმა დატოვეს. მე კი ვფიქრობ სწორედ, რომ ახლად შექმნილმა  ცენტრმა უნდა შეუწყოს ხელი დისკუსიების კულტირის ჩამოყალიბებას, ეს სივრცე, სწორედ ასეთი ტიპის შეხვედრებისათვის გვაჩუქეს ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოებას, ამისათვის კი სრულებითაც არ არის საჭირო დისკუსიებს ჯონ ბასი დაესწროს, მან ჩვენზე უკეთ იცის პრობლემები, ჩვენზე უკეთ ხვდება ხელისუფლების ავსა თუ კარგს. გაგვირემონტეს ოფისი და გვითხრეს აჰა ბატონო შედით და ჩაატარეთ შეხვედრები, მიაღწიეთ თავად სასურველს....
ჩვენ კი მაინც ჯიუტად გვინდა სხვამ , ამ შემთხვევაში ჯონ ბასმა გადაგვიწყვიტოს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი საქმეები....


მაქვს ასევე შეკითხვები,
1. ამ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანზაციების მიერ ჩატარაბულ  კვლევებ,ს რეკომენდაციებს, მონიტორინგის ანალიზებს შეუძლიათ თუ არა ზემოქმედება მოახდინონ ხელისუფლების მუშაობის ხარისხის ამაღლებაზე?
2. გეგმავს თუ არა ამერიკის საელჩო ისეთ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას?

Monday, October 3, 2011

ოზურგეთი-თბილისის მარშუტკაში მოსმენილი ისტორია 5 თვის გიორგიზე

საშინელი წვიმაა, თბილისის ავტობუსზე დამაგვიანდა და მარშუტკით მომიწია თბილისში წამოსვლა, ისე მარშუტკით იშვიათად დავდივარ, ავტობუსი უფრო კომფორტულია და უფრო სწრაფად ჩადის..ადგილი დავიკავე და ველოდებ იროდის გავა, მაგრამ ჯერ მგზავრები არ ჩანან, მარშუტკაში 15 კაცი ეტევა , ჯერ მხოლოდ სამნი ვზივართ,წვიმამ გადაიღო,ჩემს გვერდით გოგონა დაჯდა თავისი ხუთი თვის პატარათი, ცოტა ხანში გავედით კიდევაც , პატარას გიორგი ქვია. როგორც ყოველთვის საუბარი გავაბით . გიორგის ასთმა აქვს , თურმე წუხელ საერთოდ არ სძინებია, ოზურგეთის კლიმატი მასზე საშინლად მოქმედებს, დედას ამ დროს გიორგი 20 დღით თბილისში მოჰყავს ხოლმე, გამოვკითხე -შეძენილი აქვს ასთმა თუ თანდაყოლილი მეთქი-დედამ მიპასუხა ჩემი შვილი დღეს რომ ცოცხალი მყავს, უფლის დამსახურებაა, თორემ ექიმებმა ისეთი დიაგნოზი დასვეს , ეხლა ცოცხალი არ უნდა იყოსო, მოყვა - ოზურგეთში იმშობიარა, ბავშვის მდგომარეობა  მესამე დღეს გაუარესდა და ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დაუნის სინდრომი დაუდგინეს, უთხრეს ამ ბავშვის მკურნალობას აზრი არ აქვსო, 25 დღის გიორგი თბილისის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც  იგივე დიაგნოზით მკურნალობდნეს, იქაც უთხრეს  ბავშვს რამოდენიმე თვის სიცოცხლე აქვსო და.... წარმოიდგინეთ ამ დროს რას განიცდის დედა....
ერთი შეხედვით გიოს არაფერი ეტყობა, არის აქტიური, ხუთი თვის  ასაკის ბავშვისათვის აბსოლიტურად ჯანსაღი გამომეტყველებით, ერთადერთი რაც აწუხებს ესაა ასთმა.
მაინტერესებს ექიმს, რომელის სვამს ასეთ დიაგნოზს  , უნდა ჰქონდეს თუ არა ექიმის ლიცენზია. გიორგის ბოლომდე დიაგნოზი დასმული არ აქვს.შეიძლება ასთმა გამოწვეული იყოს ალერგიიდან , მას ჭირდება კარგი ბავშვთა ალერგოლოგი,იქნებ ვინმემ დააკვალიანოთ .

Tuesday, September 20, 2011

ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე

ჩვენი ორგანიზაციის ახალი პროექტი ოჯახში ძალადობას ეხება, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია სწორედ იმის გამო, რომ მისი მნიშვნელობა დღემდე არ აქვს საზოგადოებას გასიგრძეგანებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვლევები ტარდება ოჯახურ ძალადობაზე და საერთოდ ქალთა უფლებებზე , როგორც ზემოთ ავღნიშნე პრობლემა  ისევ პრობლემად რჩება, რასაც გაერო-ს კვლევებიც ადასტურებს, გამოკითხულ ქალთა 35,9% აცხადებს, რომ მეუღლე  მას აკონტროლებს, 34,1% კი თვლის, რომ ცოლის ცემა გარკვეულ სიტუაციაში გამართლებულია. ყველაზე მეტად კი ასეთი ფაქტები რეგიონებში ხდება, იქ სადაც დაბალია სამოქალაქო განათლება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა  თითქმის  ნოლის ტოლია.
 ასევე მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ეხლახანს  მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის +28;ესახებ, რაც ზუსტას ითვალისწინებს, ოჯახში  ძალადობის მსხვერპლზე ზრუნვას, ასევე მოძალადის დასჯასაც. - თვით ამ კანონის მიღებაც კი  არ მომხდარა საზოგადოების მაღალი ჩართულობისა გამო, არამედ განპირობებული იყო საერთაშორისო ველდებულებებით.  
ძალადობის ფაქტები რეგიონებში უფრო მეტია, ვიდრე დედაქალაქში.  შეიძლება იმიტომაც ხდება ასე, რომ თბილისში უფრო მეტია მსხვერპლთა დაცვის მექნიზმია და  ამ თემაზე ხშირად მიდის დისკუსიები.   
რაიონში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა თუ რა ინტენსივობით ხდება ოჯახური ძალადობის ფაქტი. მაგრამ ჩვენ ძალადობის მოწმე ყოველდღე ვხდებით. ამ საკითხზე ვფიქრობ სამოქალაქო სექტორთან ერთად საზოგადოების რიგითმა წევრებმაც უნდა ამოიღონ ხმა, რას ვგულისხმობ ხმის ამოღებაში-როცა ხედავ შენს მეზობელს, ნათესავს ქმარი ცემს, ამ შემთხვევაში მოძალადე საზოგადოებამ უნდა გარიყოს რათა მან კომფორტულად არ იგრძნოს თავი, მხოლოდ მაშინ დაფიქრდება მოძალადე თავის ქცევაზე. 


Tuesday, August 23, 2011

ეთნიკური მრავალფეროვნების ზეიმი სოფელ ზინობიანში

     










7 აგვისტოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ჩატარდა ეთნიკური მრავალფეროვნების ფესტივალი, რომელიც კახეთის რეგიონში მესამე წელია ტარდება და უკვე ტრადიციული სახე აქვს.

სოფელი ზინობიანი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უდები. მათ უმასპინძლეს მეზობელი სოფლებიდან ჩამოსულ სხვა ეთნოსების წარმომადგენლებს (დაღესტნელები, ოსები, აზერბაიჯანელები და სხვ.), ასევე პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში მოქმედი თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.(გორი, ტირძნისი, კარალეთი, კოკი, ანაკლია, დვაბზუ და ა. შ)

Friday, July 29, 2011

ნასაკირალი ჩვენი ნაწილი


ნასაკირალი დიდი სოფელია, მისი მხოლოდ ნაწილი შედის დვაბზუს თემში, მოსახლეობა შეადგენს 150 კაცს, ეს ადამიანები ძირითადად მთიანი აჭარიდან ჩამოსახლდა ათწლეულების წინ. მათი ცხოვრების წესი და ტრადიციები საკმაოდ განსხვავებულია დანარჩენი მოსახლეობისაგან. ამიტომაც ვერ მოხერხდა მათი ადაპტაცია და სოციალიზაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მათთან დაახლოვება და მათი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის. რაც არ უნდა ვიძახოთ ტოლერანტული ერი ვართო, მიუხედავათ ჩვენი ერთი ეროვნებისა , სარწმუნოების გამო მაინცაა ზღვარი ჩვენსა და მათ შორის. ეს მათთან საუბარსაც  მუდამ თან გასდევს  „ჩვენთან ასეა“ ან „თქვენთან ასეა“.
 გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კვლევა და გავარკვიოთ მიზეზები საიდან და რატომ გაჩნდა ზღვარი ჩვენს შორის.  პირველ რიგში დავინტერესდი მათი რელიგიით, ჩემი დაკვირვებით ბევრი რამ ჩემთვისაც ახალი და უჩვეულო გახლდათ, სამწუხაროდ დღემდე „კარგად „ მუშაობს სტერეოტიპები, რომლის მსხვერპლის ჩვენ თავად  ვართ. პირიქით მე გამიჩნდა მათი რელიგიის მიმართ მოწიწება და პატივისცემა, მათი რწმენა ძლიერია და სუფთა, მათ არ  აქვთ ფსევდო დამოკიდებულება თავიანთი რწმენის მიმართ, არავის აწონებენ თავს, ეს რწმენა მათშია და სწორედ ეს მომწონს.
აბუ საიდი-სპარსელი პოეტი, სპარსული ადრეული სუფიზმის ფუძემდებელი, ადამიანი, რომელმაც პირველმა დაამკვიდრა ქადაგებებში ლექსების ჩართვის ტრადიცია. მას მიეკუთვნება 750-მდე მისტიური შენაარსის რობაი, რომელშიც სუფისტური აზრები სადა , დახვეწილი ფორმითაა გადმოცემული. წავიკითხე მისი შეთხზული ქადაგებანის გიორგი ლობჟანისეული თარგმანი და სახტად დავრჩი, ყოველთვის ვიცოდი, რომ აღმოსავლური კულტურა, რომელიც მათივე რელიგიაზეა დაფუძნებული, დიდი სიბრძნის მატარებელი იყო მაგრამ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა. გთავაზობთ ამ თარგმანებიდან ამონარიდს:
T T T
თუკი ცხოვრებას შეუდრკები მხდალი, მშიშარა
მარგალიტებით არ აგევსება ყოფის ნიჟარა,
ამ ბუჩქმაც სანამ ზამთრის სუსხი არ გამოსცადა,
მანამ მის ტანზე ერთი ვარდიც არ გაიშალა.
T T T
ნუ ააჟღერებ  ამოდ ლხენის ხმატკბილ ნაღარებს
ძნელად მიწვდები ყვავილს, ბედის ბაღში ნახარებს
იმედის ვარდი სასოების რტოზე გაშლილა,
ვერ მოწყვეტ ისე , თავი  დაბლა თუ არ დახარე.


ვკითხულობდი ამ თარგმანებს და ზღვარი, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი წაიშალა. მინდა ეს განცდა ბევრ ადამიანს გაუჩნდეს ამ საკითხთან მიმართებაში. ვფიქრობ აქ რელიგია არაფერ შუაშია. თუ კარგად წავიკითსავთ ბიბლიას, ბევრ საერთოს ვიპოვით ამ სპარსულ სიბრძნეებთან.
ჩვენ ყველას ერთი საწყისი გვაქვს და უფალიც ყველას ერთი გვყავს, უბრალოდ ყველა სხვადასხვა გზით მივდივართ მასთან.