მთავარი

Thursday, March 22, 2012

აგრესია, ძალადობა, სიძულვილი


აგრესია,ძალადობა,სიძულვილი...

აგრესია იგივე ძალადობაა. რუსეთის ძალადობა საქართველოზე დიდი ხანია დაიწყო, ამას ჩვენი უახლოესი ისტორიაც მოწმობს. 9 აპრილი, შემდეგ დაკარგული აფხაზეთი, ოსეთის ომი, ყოველდღიური სატელევიზიო აგრესია რუსეთიდან. . . ნეტავ რა დავუშავეთ ამ რუსებს. მე არც ერთი რუსი არ მძულს, მათ კი ვძულვართ, მე მათ ენასაც ვსწავლობ. იქნებ ჩემმა თაობამ მაინც შეძლოს მათთან საერთო ენის პოვნა. მათ ხომ არ უცხოვრიათ იმ რეჟიმის დროს? რაზეც ასე ბევრს საუბრობენ ჩვენი მშობლები. მე მომწონს მათი კულტურა და ხელოვნება, მაგრამ გული მწყდება, როცა ვხვდები მათ განზრახვას, რუს "დიდ კაცებს" აღიზიანებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებები, ამიტომაც მოიწევენ ჩვენსკენ იარაღით. უნდათ რომ გაგვანადგურონ, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის აგრესიის და აგვისტოს ომის გამო ბევრი კეთილი და კარგი მეგობარი შეიძინა. მათი მეშვეობით შეჩერდა ომი რუსეთთან.
აგვისტოს ომის დროს მთიულეთში ვისვენებდი.მაშინ მე-4 კლასში გადავდიოდი. ჩვენ ბავშები ვერ ვიგებდით რა იყო ეს, ომი მხოლოდ ფილმებში მენახა. იქ სადაც ვისვენებდით არ ისმოდა სროლების ხმა, ვერ ვხედავდით ომის საშინელებას, მაგრამ ტელევიზორიდან ვუყურებდით ყველაფერს. იქ ერთად ბევრი ბავშვი ვიყავით, ჩვენ არ გვინდოდა ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ უფროსები არ ტოვებდნენ არც ერთ საინფორმაციო გადაცემას, არც მე მინდოდა მეყურებინა, არ ვიცი რატომ, იქნებ მეშინოდა აქაც იგივე არ მომხდარიყო? ღამით, როცა ყველას ეძინა ბევრს ვფიქრობდი ამაზე, ნეტავ როგორ მოვიქცეოდი? გმირობის ჩადენას თუ შევძლებდი? ალბათ კი, თუ ჩემს დაიკოს ვინმე გააბრაზებდა, ან თუ ჩემს დედას ვინმე შეურაცხოფდა. რით ვაპირებდი შებრძოლებას? ამაზე ვეღარ ვფიქრობდი.
რამოდენიმე რუსული თვითმფრინავი ყოველ საღამოს გადაგვიფრენდა ხოლმე თავზე. პანიკა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი მშობლები ძალიან დაფიქრებულები ჩანდნენ. ბჭობდნენ, თუ კი ყაზბეგიდან შემოგვიტევდნენ რუსები, იმ შემთხვევაში როგორ მოქცეულიყვნენ, დეიდამ __ ზემოთ მწყემსებთან ავიყვანოთ ბავშვებიო__ ან იქნებ თბილისში წავსულიყავით იქ უფრო დაცულები ვიქნებითო. . . გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. მე ვფიქრობდი, რომ არსად ვიქნებოდით დაცული, და ვამბობდი  ჯობია ადგილზე გაჩერდეთმეთქი. ჩვენი მშობლები სარდაფს ალაგებდნენ, დაბომბვის შემთხვევაში იქ უნდა ჩავსულიყავით, ეს ყველაფერი რაღაც უჩვეულო იყო, ჩვენ ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამდით. ჩვენთვის ეს ყველაფერი თავგადაავალს უფრო გავდა, იქნებ არც ასე იყო, მაგრამ ჩვენ ასე უფრო გვერჩივნა. ნეტა რომ მოსულიყვნენ, გვესროდნენ? ეს არ მეჯერა, მაგრამ შემდეგ უფრო მოგვიანებით, როცა ტელევიზიით აჩვენებდნენ დაჭრილ ჩემს თანატოლებს, გული მეკუმშებოდა, მე არასოდეს დამავიწყდემა ის კადრი, როცა დედა გადაეფარა თავის შვილს, თვითონ დაიღუპა შვილი კი გადაარჩინა, ბიჭი ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ ექიმებმა უშველეს.დღე ვერთობოდით, ღამით არ მეძინა...

ნეტავი დიდი ვყოფილიყავი. . . ნეტავ მეც დიდი ბიჭებივით მებრძოლა ამ ომში. . . მე მხოლოდ ეხლა ჩავწვდი იმ აზრს, თუ როგორ იცავდნენ საქართველოს ჩვენი წინაპრები. ისტორიას კარგად ვსწავლობ, მაგრამ იქ აღწერილი ამბები ლედენდებივით იყო ჩემთვის, მხოლოდ ეხლა გაცოცხლდა ისტორიული სცენები ჩემს თვალში, საქართველო ღმერთს არასოდეს გაუწირავს,  რუსულმა აგრესიამ ჩემში დაბადა ახალი გრძნობა, რასაც სამშობლოს ძლიერი სიყვარული და მისი დაცვის სურვილი ქვია. 
მე  მაინც არ მძულს რუსი და ვსწავლობ რუსულს ასევე ინგლისურს, და კიდევ ბევრ ენას ვისწავლი მომავალში.
გიო საბაშვილი

Tuesday, March 20, 2012

შემოდით ჩვენს ახალ ბლოგზე