მთავარი

Friday, July 29, 2011

ნასაკირალი ჩვენი ნაწილი


ნასაკირალი დიდი სოფელია, მისი მხოლოდ ნაწილი შედის დვაბზუს თემში, მოსახლეობა შეადგენს 150 კაცს, ეს ადამიანები ძირითადად მთიანი აჭარიდან ჩამოსახლდა ათწლეულების წინ. მათი ცხოვრების წესი და ტრადიციები საკმაოდ განსხვავებულია დანარჩენი მოსახლეობისაგან. ამიტომაც ვერ მოხერხდა მათი ადაპტაცია და სოციალიზაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მათთან დაახლოვება და მათი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის. რაც არ უნდა ვიძახოთ ტოლერანტული ერი ვართო, მიუხედავათ ჩვენი ერთი ეროვნებისა , სარწმუნოების გამო მაინცაა ზღვარი ჩვენსა და მათ შორის. ეს მათთან საუბარსაც  მუდამ თან გასდევს  „ჩვენთან ასეა“ ან „თქვენთან ასეა“.
 გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კვლევა და გავარკვიოთ მიზეზები საიდან და რატომ გაჩნდა ზღვარი ჩვენს შორის.  პირველ რიგში დავინტერესდი მათი რელიგიით, ჩემი დაკვირვებით ბევრი რამ ჩემთვისაც ახალი და უჩვეულო გახლდათ, სამწუხაროდ დღემდე „კარგად „ მუშაობს სტერეოტიპები, რომლის მსხვერპლის ჩვენ თავად  ვართ. პირიქით მე გამიჩნდა მათი რელიგიის მიმართ მოწიწება და პატივისცემა, მათი რწმენა ძლიერია და სუფთა, მათ არ  აქვთ ფსევდო დამოკიდებულება თავიანთი რწმენის მიმართ, არავის აწონებენ თავს, ეს რწმენა მათშია და სწორედ ეს მომწონს.
აბუ საიდი-სპარსელი პოეტი, სპარსული ადრეული სუფიზმის ფუძემდებელი, ადამიანი, რომელმაც პირველმა დაამკვიდრა ქადაგებებში ლექსების ჩართვის ტრადიცია. მას მიეკუთვნება 750-მდე მისტიური შენაარსის რობაი, რომელშიც სუფისტური აზრები სადა , დახვეწილი ფორმითაა გადმოცემული. წავიკითხე მისი შეთხზული ქადაგებანის გიორგი ლობჟანისეული თარგმანი და სახტად დავრჩი, ყოველთვის ვიცოდი, რომ აღმოსავლური კულტურა, რომელიც მათივე რელიგიაზეა დაფუძნებული, დიდი სიბრძნის მატარებელი იყო მაგრამ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა. გთავაზობთ ამ თარგმანებიდან ამონარიდს:
T T T
თუკი ცხოვრებას შეუდრკები მხდალი, მშიშარა
მარგალიტებით არ აგევსება ყოფის ნიჟარა,
ამ ბუჩქმაც სანამ ზამთრის სუსხი არ გამოსცადა,
მანამ მის ტანზე ერთი ვარდიც არ გაიშალა.
T T T
ნუ ააჟღერებ  ამოდ ლხენის ხმატკბილ ნაღარებს
ძნელად მიწვდები ყვავილს, ბედის ბაღში ნახარებს
იმედის ვარდი სასოების რტოზე გაშლილა,
ვერ მოწყვეტ ისე , თავი  დაბლა თუ არ დახარე.


ვკითხულობდი ამ თარგმანებს და ზღვარი, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი წაიშალა. მინდა ეს განცდა ბევრ ადამიანს გაუჩნდეს ამ საკითხთან მიმართებაში. ვფიქრობ აქ რელიგია არაფერ შუაშია. თუ კარგად წავიკითსავთ ბიბლიას, ბევრ საერთოს ვიპოვით ამ სპარსულ სიბრძნეებთან.
ჩვენ ყველას ერთი საწყისი გვაქვს და უფალიც ყველას ერთი გვყავს, უბრალოდ ყველა სხვადასხვა გზით მივდივართ მასთან.

No comments:

Post a Comment