მთავარი

Monday, September 20, 2010

ჩვენთან საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს

გაბრუებული. ნახევრად მძინარე შემიყვანეს საოპერაციოში, მთელი თვე ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად ამ დღისათვის, და სულ რამოდენმე წამი დასჭირდა იმას, რომ უცებ ისევ უიმედობისა და სასოწარკვეთილების მორევში ჩავიძირე, ვფიქრობდი , მორჩა დასრულდა ყველაფერი. რატომ? საოპერაციო ნამდვილ საყასბოს გავს, სერი, ჩაჯამული ფერები, საოპერაციო მაგიდას დერმატინი შემოხეული აქვს, , ექიმების სახეები... ექთანი, სანიტარები..არავის აწუხებს რას განიცდი, ყველა მიჩვეულია ამ გარემოს, ფიქრიც შევწყვიტე... ვიცი ოპერაცია საკმაოდ დიდხანს გასტანს, მაგრამ იმედი, რომ ცოცხალი გავალ ამ უბედურებიდან აღარ მაქვს, მხოლოდ ექიმების პროფესიონალიზმის იმედიღა მრჩება. რამოდენიმე წამი და გავითიშე. 6 სთ-ის შემდეგ ისევ ისეთი ჟამისფერი ჭერი, აპარატურის ზუზუნი, სუნთქვის აპარატის ხმა... ნეტა უკვე გამიკეთეს თუ ეხლა უნდა შემიყვანონ საოპერაციოდ? დრო აირია. გადავრჩი, მესმის ექთნის გაცხარებული საუბარი, რძალს ლანძღავს , რძალიც იქვე მუშაობს თურმე. -შვილები მიატოვა, ეგ რა ქალია... თავი მტკივა, ძლივს ვაგებინებ , მინდა მომისმინონ , მაგრამ ჩემთვის ვის სცალია. ძალიან ცუდად ვარ, რეანიმაციაში ვარ, ახლობლებს აქ არ უშვებენ, ავადმყოფი შეწუხდებაო.... სასააცილოა, ვის ახსოვს აქ ავადმყოფი. ოპერაციის თანხა გადახდილია, ეხლა უკვე შენით უნდა იბრძოლო, რომ გამოხვიდე, წნევა დამივერდა, არავინ მაქცევს ყურადრებას, თავი ისევ ძალან მტკივა, როგორც იქნა გავახენდი ვიღაცას, უი წნევა აქვს ძაან დაბალი... გადასხმები, მესამე დღეა აქ ვარ რეანიმაციაში. მეოთხე დღე გათენდა ახალი ცვლა მოვიდა, წნევა გამისინჯა, ისტორია შეავსო, მე მგონი დღეს გადამიყვანენ პალატაში, მაგრამ ახალი ექთანი ცხარობს , მე მარტო ვარ, თუ გადამიყვანეს ექთანს ამ დღის ხელფასი არ დაეწერება, ჩხუბობს, მეუხეშება. ცოტა უკეთ ვარ. .
უკვე პალატაში ვარ მგონი გამოვძვერი. ქირურგი დილაობით მნახულობს, ყველაფერი კარგად მიდის -ამბობს, საღამოა ისევ თავი მტკივა ოღონდ უკვე სიცხით 41 . დილითაც ისევ ისე, ოღონდ ეხლა უკვე ექიმი აღარ შემოდის რეკავ და ამბავს კითხულობს. მესამე დღეა მაღალი სიცხით ვარ... ნინოს (ჩემს დას) უკვე კატეგორიული ტონი აქვს მათთან საუბარში, მდგომარეობა დამძიმდა, შეიძლება ისევ საოპერაციო დავრჩე, მაგრამ ამას ქირურგი ისეთი სიმშვიდით ამბობს, რომ საბოლოოდ გადამეწურა იმედი,ვფიქრობ- ალბათ ან ბამბა დარჩათ ან რაიმე. თუმცა რად გინდა ამდენი თავის მტვრევა, ამ პირობებში ისედაც შეიძლება დაგემართოს რაიმე ინფექციური, საშინელი ანტისანიტარიაა თითქმის ყველა პალატაში, სამაგიეროდ მეორე სართულზე საუცხოოდ გაკეთებული ეკლესიაა, მოოქროვილი ხატებითადა მდიდრულ მეტლახით, ნეტა ვინც ამას აკეთებდა რატომ ავადმყოფებზე არ იფიქრა.
დღეს მთელი დღე ეს ამბავი ამეკვიატა, ახლობელია ძალიან ცუდად, ვეღარ გადარჩებაო, სუნთქვის აპარატზეა მერამდენე დღეა, ნეტავ თუ ტკივა თუ იტანჯება? თუ ესმის? ყოველ წუთას მასზე ვფიქრობ.საწყალი ან იქნებ ჩვენ ვართ საწყლები ამ ყველაფერ კიდევ დიდი ხანი რომ უნდა ვუყუროთ, ის მალე დაივენებს.
დღეს ექიმებისთვის ავადმყოფი მხოლოდ ფულთან ასოცირდება, ექიმი დაცლილია ყოველგვარი ემოციისაგან ,მისთვის ადამიანის სიცოცხლემ ფასი დაკარგა, გაქრა სინდისიდ ქეჯნა, გაქრა განცდები, გაქრა ადამიანი და შეიძლებოდა თუ არა მისი გადარჩენა ეს არავის აღელვებს. ადამიანის სიცოცხლებ ფასი დაკარგა...

Thursday, September 9, 2010

სამყაროს დასასრული


მინდა გადავახტე წარსულს, მომავალსაც,
აღარ მინდა ხვალ, არც ზეგ...
გუშინ, გუშინწინ აღარ მახსოვს...
არც მინდა მახსოვდეს.
შუქიც ბნელი გახდა ლამის,
ჩრდილი გაბაცდა მთლად.
ფოთოლმა სიმწვანე დაკარგა და
მზემ სითბო,
ნაღველი მხიარული გამხდარა...
მზეში წყვდიადი ჩასახლდა და
ყინვამ შეიყვარა სითბო,
ყვავილები ისე ვეღარ ლამაზობენ,
ვარსკვლავებსაც კი ცის კაბადონზე გასჭირვებიათ...
ჩიტების გალობა სადღაც დაიკარგა
ჩვენს სულებს უჭირთ.
დამძიმდა სხეული ამდენი ჭინჭებით,
ჩვენს სულებს მათგან გამოსვლა უჭირთ.
ვიწრო ბილიკებით სავალია
მთელი სამყარო
ჩვენი სულები გაჭედილია
გაურკვევლობის ამ ვიწრო მილში.
მეშინია კაცობრიობა
არ გაიპაროს
უღმეთორბის და სიძულვილის ,,საამო“ ძილში.

10/09/2010
2სთ04წთ

Wednesday, September 1, 2010

დასიცხული სათქმელი



ერთხელ ვამბობდი ზაფხული მიყვარსთქო, ვერ ვიტან ზამთარს, სითბო და მზე მიყვარს მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტად დამღლელია, აღარ თავდება...ასე მგონია ყველაფერი გამოშრა და გამოიფიტა,ასევე მეც... სკოლის დროც მოახლოვდა, რაღა დაგიმალოთ და მეც ვერ ვიტან სწავლის დაწყების მოახლოვებას. ძალიან არ მინდა ჩვენს სკოლაში ბავშვების(ჩემი შვილების) მიყვანა. მაგრამ რას ვიზამ, არჩევანი არაა, სხვაგან რა უკეთესი დამხვდება რომ გადავიყვანო თუ რა? სერთიფიცირების გამოცდაზე გასულ პედაგოგთა მხოლოდ 11%-მა გადალახა ქულათა მინიმალური ზღვარი.ეხლახანს წავიკითხე ამ გამოცდაზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების დაწერილი მარგალიტები , ეს საშინელებაა, კიდევ უფრო მეტი საშინელება ისაა, რომ ეს პედაგოგები 2014 წლამდა ისევ ისე იქნებიან სკოლებში და წარმატებით დაამახინჯებენ ჩვენს შვილებს და ჩვენ კი უძლურები ვართ. ქალაქის სკოლებში კიდევ არაუშავს არჩევანი დიდია, ადგები და მონახავ სადმე კარგ სკოლას, აბა ჩვენ რა ვქნათ, სოფლებში? სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები? ზოგს გაკვეთილზე საკერავი მოაქვს , ზოგს ძინავს, ზოგიც საეთოდ მიმცილებელ მომცილებელი სჭირდება უკვე ასაკისა გამო ვეღარც მოძრაობს, აბა დირექტორი ვინმეს ხომ ვერ აწყენინებს, შეკრული კოლექტივია, ზოგიც მეზობელია,ზოგი ახლობელი და ნათესავი, ზოგი ნათლია, ზოგი ნათლული, ზოგისაგან დავალებულია, ზოგის ეშინია, ზოგს იქეთ აშინებს და ა.შ. განათლების სამინისტროს კი დაავიწყდა, რომ განათლების საკითხს კურირებს ქვეყანაში და არა კრიმინალს. საჯარო სკოლებისათვის ერთნაირი გარემო არაა შექმნილი ... ზოგ სკოლას თანამედროვე დონის სტომატოლოგიური კაბინეტით უზრუნველყოფენ, ზოგს კი ფანჯრებიც კი სანატრელი აქვს ზამთარში. ზოგ სკოლას ზამთარში დახურული აუზი აქვს, ზოგ სკოლაში კი ბავშვები ნაძვის გამხმარი წიწვებით დარბიან, რათა დაჟანგული შეშის ღუმელი როგორმე დაანთონ და გათბნენ, აბა ნედლი შეშით ღუმელს ვერ აანთებ, შეშას კი შუა ზამთარში ამზადებენ სკოლებისათვის.ამზადებემ ისევ ბავშვები,არადა სწორედ ამ საქმისათვის თანხები იწერება სკოლის ბიუჯეტიდან, მაგრამ როცა ვთქვი ეს ბავშვზე განხორციელებული ტრეფიკინგს გავსმეთქი, მიპასუხეს, არა ბატონო რას ამბობთ ეს ბავშვისათვის სასარგებლო შრომააო. ბავშვმა რომ რაიმე მოიწიოს შეშის ჩეხვის დროს ნაჯახით, ნეტა მაშინ რასთან გვექნება საქმე? ასე გადის ნახევარი გაკვეთილი.მერე ნახევარი ტრიმესტრი, ნახევარი წელი ... რათქმა უნდა ბავშვებსაც ეს უნდათ, წლის ბოლოს კი წიგნის მხოლოდ მესამედი თუ ,,ისწავლეს" ესეც დიდია. ნეტა ამ ყველაფერს რატომ ვწერ , ვის რაში აინტერესებს? არადა როგორ ცხელა... მე კიდევ ესეც მცხელა...
იტყვიან ხოლმე ბავშვს თუ სწავლა უნდა სადაც არ უნდა იყოს , როგორ სკოლაშიც არ უნდა სწავლობდეს, მაინც ისწავლისო. მეც ამის იმედად ვარ დარჩენილი...ვნახოთ როგორ გამართლდება ეს გამოთქმა, მაგრამ ღირს გავრისკო და მარტო ამის იმედად დავრჩე? თუ მეც მოვიმარაგო რეპეტიტორებისათვის მისაცემი ათასობით ლარი?