მთავარი

Monday, May 24, 2010

რანი ვართ დღეს?

ჩვენ ძალიან დიდი დრო გვჭირდება იმისათვის, რომ სახელმწიფოებრიობა გავიგით რას ნიშნავს, მართლაც გავხდეთ სახელმწიფოს შენების მონაწილენი . ჩვენთან ჯერჯერობით ყველაფერს წინ ფსევდო უდევს, პატრიოტიზმსაც, რწმენასაც, სიყვარულს, ღირებულებებსაც... შესაბამისად ყველაფერი ვითომ კეთდება, ყველაფერი ფასადურია, ცისარტყელას ფერებით შეღებილი შენობების მიღმა დანგრული და გაპარტახებული ინფრასტრუქტურაა, მოვლილი ახლადაშენებული ლამაზი ტაძრების მიღმა კი სხვისი განკითხვითა და მაღლიდან მაცქირალი, ამპარტავნებით გაბრუებული მრევლი და ხიბლში ჩავარდნილი ვერცხლისფერი ჯიპებიდან მომზირალი , ლამის ღმერთად შერაცხული მოძღვრებია.
ძნელია უბრალოდ ისეთი ადამიანების პოვნა, ვისთვისაც ყველაფერი ფსევდოს გარეშე ესმის , ესმის ღრმად,ასეთი ადამიანები უმცირესობაშია, მათ იოლად უმკლავდებიან, არ იშურებენ იარლიყებს, ,, მოღალატე", იოღოველი", ,,სატანსტი, " უღმერთო, ,, კრემლის აგენტი", ,,იუდა" .... რამდენი ჩამოვთვალო.
არსებობს ორი უკიდურესობა, სადაც უკვე კამათი და დიალოგი ყოველგვარ აზრს კარგავს. ერთი მხარისათვის მეორე მხარე კატეგორიულად მიუღებელია. შეუწყნარებლობა ყველგან: პოლიტიკაში, ყოფით ცხოვრებაში, ეკლესიაში, მაშინ სადღა წავიდეს ადამიანი, ვისაც სხვანაირად ესმის, სხვანაირად აზროვნებს? ან უბრალოდ არ გავს უმრავლესობას?
ინკვიზიცია, რომელიც კაცობრიობამ გამოიარა, დღეს ისევ აქტუალურია, არის ხალხი ვინს სიამოვნებით კოცონზე დაწვავდა განსხვავებული აზრის მქონეს, ,,მორწმუნე მრევლი" კი თავიანთ სულიერ მამებთან ერთად ამ კოცონს თითო ფიჩხს სიამოვნებით მიუმატებდა.
ვფიქრობ ეშველება ამ ქვეყავას ოდესმე?

Tuesday, May 18, 2010

უფლებებაყრილი ადამიანი


ბევრს ალბათ ძალიან კარგად ახსოვს ის საშინელი სახელმწიფო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, მთელი თავისი სასტიკი რეჟმითა თუ კანონებით, უამრავი ადამიანი გახდა მაშინდელი ეპოქის მსხვერპლი, ზოგის ,,რეაბილიტაცია“ მოხერხდა, ამას თუ რეაბილიტაცია ერქვა, სტატუსი და ყოველთვიური მიზერული თანხა. მინდა ერთ ადამიანზე მოგითხროთ,ეს არის ბატონი კაკო მეგრელაძე, იგი დღეს ცხოვრობს ოზურგეთის რაიონში სოფ. დვაბზუში, ის განათლებული ადამიანია, დამთავრებული აქვს პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა სკოლაში, ხოლო 70-ან წლებში უშიშროების სამსახურში ჩვეულებრივ რიგით საწყობის მუშად დაწყო მუშაობა, ერთ დღეს კი, როცა მან გადაწყვიტა უშიროებიდან თავის დაღწევა, ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, დღესაც ვერ იხსენებს მიზეზს რა მოხდა, რატომ აღმოჩნდა ფსიქიატიულ საავადმყოფოში, (1978წელს) სადაც მან ლამის მთელი ცხოვრება გაატარა, (გამოვიდა 1990) იქედან გამოსულს კი აღარც ჯანი შერჩა და აღარც ღონე, აღარც ქონება და აღარც სახლ კარი,აღარც დაპირებული ჯგუფის ინვალიდობის დაგროვილი პენსია დაახვედრეს. მეურვე კი უკვე ათი წელია რაც ცოცხალი აღარ ჰყავს, ბ-ნ კაკოს არავინ ჰყავს არც მეუღლე, არც შვილი და არც არავინ ახლობელი ნათესავი,ის აღმოჩნდა მარტო შერყეული ჯანმრთელობით ღია ცის ქვეშ. დიახ ღია ცის ქვეშთქო, რომ ვამბობ არ ვაჭარბებ, ცხოვრობს ძველი დანგრეული მაღაზიის შენობაში. ის რა თქმა უნდა იღებს სოციალურ დახმარებას, იღებს ჯგუფით პენსიასაც (საპენსიო ასაკი ჯერ არ შესრულებია იგი დაბადებულია 1946 წელს), მაგრამ ეს არ შველის მის უმძიმეს მდგომარეობას.
დიდხანს უყურებს ხოლმე ,,იმედი ელ-ის“ სადაზღვევო ხელშეკრულებას და უკვირს 15000 ლარიანი სადაზღვევო ხელშეკრულებიდან მხოლოდ წამლებზე 20%-იანი ფასდაკლება, და მისთვის გამოუსადეგარი გამოკვლევები ეკუთვნის, მას ყოველთვიურად წამალი ჭირდება, დახმარება მთლიანად წამლებში ეხარჯება, ის სამართლიანად კითხულობს-- ,,რად მინდა ქაღალდზე დაწერილი 15000 ლარიანი დახმარება?--მომეცით თუნდაც თვეში 25 ლარის წამლები“. ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ნამდვილად არაა გიჟი, მტერი ვერ მიხვდა ამ სიყალბეს, ის ადამიანები ვინც სოციალურ პოლისს ფლობს, მათ 5% -ს თუ ჭირდება ოპერაცია, დანარჩენს იქნებ 10 ლარის წამალი შველის, ფაქტიურად ხალხი მოტყუებულია.
მასთან საათობით საუბრისას დავრწმუნდი, რომ მას დიდი ტრავმა აქვს გადატანილი, მაგრამ კონკრეტულად რა, ამას ვერ იხსენებს, ან არ უნდა ამაზე საუბარი॥
და დღეს თუკი მოხერხდა 30-იან წლებში დაზარალებულთა რეაბილიტაცია,მათთვის სტატუსის მინიჭება, რატომ ვერ ხერხდება უფრო გვიან სახელმწიფოს მხრიდან კერძოდ უშიშროების მხრიდან ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და ამ ხალხისათვის იგივე სტატუსის მინიჭება ?

რა ფორმით უნდა მოხდეს ამ ადამიანის უფლებების აღდგენა? იქნებ ვინმემ იცით?

Saturday, May 15, 2010

ჩვენი დროის გმირები



,,უქმად ყოფნას მოსდევს სნეულება და მანკიერება, ხოლო გონების გამიზნული ვარჯიში მხნეობისა და გაკაების საწინდარია"-წერდა ბერძენი მოაზროვნე, ანტიკური მედიცინის მამა ჰიპოკრატე.
სწორედ ეს შეგონება გახდა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს მკვიდრ აივენგო ღლონტისათვის თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და იმედისმომცემი.
წლების წინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ იგი სიბრმავის საშიშროების წინაშე დააყენა। მან ძლიერი ნებისყოფით შეძლო გამკლავებოდა მძიმე ხვედრს। თავიდანვე გააანალიზა რა თავისი მდგომარეობის სიმძიმე, მან ჯოხით გზის გაკვლევა დაიწყო ჯერ კიდევ ნაცრისფრად მოლივლივე მომავალში და მეუღლის ლიას დახმარებით შეძლო შეჩვეოდა გონების თვალით სამყაროს ცქერას.
ბევრი ვერ დაიკვეხნის იმით, რასაც ბატონმა აივენგომ თავისი ხელებით, დაუღალავი შრომით მიაღწია, მოვლილი კარმიდამო, მრავალი სახის პირუტყვი თუ ფრინველი, ლამაზად გაშენებული ბარ-ბოსტანი- ოჯახის სიუხვე, მისი ხელების გარჯის შედეგია.
იგი თვრამეტი წლის მანძლზე იყო ოზურგეთის და ჩოხატაურის უსინათლოთა ბიუროს თავმჯდომარე (ეს ორგანიზაცია თავის დროზე ३००-მდე უსინათლოს აერთიანებდა) იგი უწევდა ორგანიზებას ამ ადამიანების საქმიანობას, შრომასა და დასვენებას, ასევე ბატონი აივენგო წლების მანძილზე არის გაზეთ ,,სინათლის" კორესპოდენტი, რომელიც ბრაილისა და ჩვეულებრივი შრიფტით გამოდის.
შრომისმოყვარე და ზნეკეთილი მშობლების მაგალითი კარგი პირობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბატონი აივენგოსა და ლიას შვილები ღირსეულ ადამიანებად აღზრდილიყვნენ.
დღეს საყოველთაო უმუშევრობაა ქვეყანაშიდა ეს გლობალური პრობლემა ადამიანების დეგრადაციის მიზეზი რომ არ გახდეს, ბატონი აივენგოს მაგალითი გვსურს ყველას ვუჩვენოთ. ისევ ბერძნულ სიბრძნეს დავესესხები და შეგახსენებთ ,,არაფერი ისე არ ცვეთს და ანგრევს ადამიანს, როგორც ხანგრძლივი უმოქმედობა"
ამ საფრრთხესთან ბრძოლის შესაძლებლობა ბატონმა აივენგომ თავისი ცხოვრების წესით დაგვიმტკიცა. დღევანდელი გადასახედიდან მიუხედავად ტოტალური სიბრმავისა, იგი მაგალითია ყველასათვის, როგორც მზრუნველი ოჯახის უფროსი.
მაია თოხაძე