მთავარი

Monday, August 9, 2010

არა ომს!




ოსეთის ომი დიდხანს იქნება განსჯის საგანი, ბევრს ილაპარაკებენ და დაწერენ ომის ქართულ, რუსულ, ოსურ თუ ამერიკულ ვერსიებზე, ბევრს იტყვიან ომის მიზეზებსა თუ შედეგებზე, სხვა ქვეყნების ინტერესებზე, რუსეთის ამბიციებზე, საქართველოს არასწორ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ უფრო და უფრო ნაკლებს ისაუბრებენ ადამიანების მიერ გადატანილ ტრაგედიაზე, რომლებმაც დაკარგეს რაც კი შეუქმნიათ ცხოვრების მანძილზე, დაკარგეს ახლობლები, დაკარგეს მშვიდობა. მათ წაერთვათ სიცოცხლის უფლება, მათზე განხორციელდა ეთნიკური წმენდა, ძარცვა, ქონების განადგურება, ტყვეობა. მარტო ბოლო ოსეთის ომის დროს 2008 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით რეესტრში გატარებულია 125 819 დევნილი, ხოლო 36 000-მა ადამიანმა გადაკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი და ჩრდილოეთ ოსეთს შეაფარა თავი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში ვკითხულობთ
-,,საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე ტერიტორიით და მცირე მოსახლეობით, თუკი ტრაგედია და დანაშაულის სიმძიმე მსხვერპლის ოდენობით იზომება, ჩვენი ტრაგედიის მასშტაბი, რაოდენ სასტიკიც უნდა ყოფილიყო, ვერ გაუტოლდებოდა გენოციდს და ეთნიკურ წმენდას იუგოსლავიაში, კამბოჯის ტრაგედიას, მაგრამ ტერიტორიისა და მოსახლეობის სიმცირის გამო არ შეიძლება დამნაშავეთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების ლეგიტიმაცია. მსოფლიო წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ორმაგი სტანდარტებით მოქმედება კაცობრიობას საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. არ შეიძლება ათიათასობით უფლებააყრილი ქართველი დევნილისათვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და უფლებების აღდგენის შესაძლებლობის წართმევა.
არადა ამ ომს გადარჩენილთა მახსოვრობაში სამუდამოდ დარჩება საშილელი განცდა შიშისა. არაეთი წიგნი დაიწერა და კიდევ დაიწერება ამ ომის შესახებ, მაგრამ წიგნი რომელსაც ჰქვია ,,მე მქვია. . .” და რომელიც გამოსაცემად მოამზადა ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა, ძალიან შთამბეჭდავია. ამ წიგნში მოთხრობილი ადამიანთა ისტორიები და განცდები ძალიან გავს ერთმანეთს.
იძულებით ადგილნაცვალი ქალბატონი აფხაზეთიდან წერს:
__ახლა ამასწინათ კიდევ ჩვენმა მეზობელმა აივანზე ჩამოიხრჩო თავი და მაგ ამბავმა სულ გამაგიჟა. ერთი კვირაა აღარ მძინებია, ცუდია ამდენ რამეს რომ გადაიტან და მერე ასეთ უბედურებას რომ ნახავ. . . იმ ომმა და ამდენმა საშინელებამ მეც ძალიან შემცვალა. ადრეც მეცოდებოდა გაჭირვებული, მაგრამ ახლა რაღაცნაირად ყველა მეცოდება. მინდება, რომ ყველას დავეხმარო. თურმე ომი ადამიანებს აკეთილშობილებს.
მე ადრე უფრო ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი, ახლა რომ შეიძლებიდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, ბევრ რამეს შევცვლიდი, ეხლა უკვე ვიცი, რომ ცხოვრებას დასასრული აქვს და აი, იმ ჩემს ძველ მეზობლებსაც, რომლებთანაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა, რომლებიც კადრულობდნენ რაღაც-რარაცეებს, იმათაც შევცვლიდი ჩემი ცხოვრებით, ჩემი მაგალითით.. .ჩვენ ხომ ერთმანეთის მიმართ კეთილები უნდა ვიყოთ, ჩვენ ქრისტიანები ვართ და . . . ახლა ამაყი არ ვარ. ადრე ცოტა ამაყი ვიყავი, აი, ამას შევცვლიდი_სიამაყეს. . .
დევნილი სამაჩაბლოდან სერგო ხადური: __,,სარდაფში სკამს ვასწორებდი და უცებ წნევამ მომისროლა. მამაჩემი გვერდით იდგა და ისიც დაეცა, ყველაფერი სულ ალბათ 15 წამს გრძელდებოდა, უზარმაზარი ფანჯარა ჩამოიმსხვრა. ყველანი სისხლში ვიყავით. რომ მივედით , ჯერ კიდევ სუნთქავდა, სისხლი მოსდიოდა ზურგის მხრიდან. მკერდის არეში ჰქონდა შემავალი ჭრილობა, უკან ზურგის მხარეს გამოდიოდა. წამებში გარდაიცვალა, ხელში ჩამაკვდა.
მე სხვანაირი გავხდი, შევიცვალე. . . “
,,საქართველოში ამჟამად ყოველი მეთერთმეტე ადამიანი დევნილია.” თომას ჰამარბერგი

No comments:

Post a Comment